Monday, June 9, 2014

პატარა ფეხსაცმელები :)

უბრალოდ მომინდა დამეწერა ჩემს ბლოგზე ეს მოკლე ისტორია, რადგან აქ მოთხრობილია ჩემი კავშირის შესახებ აფხაზეთთან.  იმ საოცნებო მხარესთან, რომელიც ქართველი ხალხის ტკივილს წარმოადგენს.

პატარა ფეხსაცმელები 

იმ დროს, როცა ცხელი ტყვიები საქართველოს გულში ხვდებოდა, როცა შემზარავი, გამაყრუებელი ხმები ჩვენს გულებს აწყლულებდა, ქართულ მიწაზე პატარები იბადებოდნენ და მომავლის ანგელოზებად ევლინებოდნენ ქვეყანას. ეს იყო 1992 წელი, ერთ-ერთი ავადმოსაგონარი წელი ქართველი ერის ისტორიაში. ეს გახლდათ ის დრო, როცა ყველა ადამიანი, ყველა გულმტკივნეული ქართველი, რომელსაც ბრძოლა შეეძლო, რომელსაც ძალა ერჩოდა ბრძოლის ველზე იდგა და საკუთარ მიწა-წყალს იცავდა, იცავდა დღეს უკვე მონატრებად ქცეულ, ზოგისათვის სიზმრებში გაცოცხლებულ, ზოგისათვის კი მიუწვდენელ ოცნებას. საკუთარი მიწიდან დევნიდნენ ქართველებს. მათ ნაშრომს, მატერიალურ სიმდიდრეს, წვითა და დაგვით შექმნილს მტერი ურცხვად, დაუნდობლად ქელავდა. გმინავდა, კვნესოდა, შველას ითხოვდა აფხაზეთის ტანჯული მიწა, გმინავდა ისე, როგორც საომრად წასული ვაჯკაცის დედა. სიცოცხლის ანკარა წყარო სისხლმა შეცვალა. ბრძოლის ქარცეცხლში გახვეული ქართველი ვაჯკაცები მაინც არ დრკებოდნენ, ამაყად იდგნენ და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდნენ, იბრძოდნენ, რათა დაეცვათ წინაპართა სისხლით გაჟღენთილი მშობლიური მიწა. მთები ნისლში იძირებოდა და ბნელ წიაღში იკვანძებოდა საქართველოს ბედი, რომლის ამომცნობი არავინ აღმოჩნდა. ტკივილის ფონზე სიყვარული უფრო კაშკაშებს, უფრო ელვარებს და გატკბობს.
          გაზაფხულის მშვენიერ დღეს, როცა მზის სხივები ირგვლივ იფრქვეოდა, ბუნება იღვიძებდა, რომელიც თითქოს გრძნობდა ქვეცნობიერ ტკივილს, რაღაცას განიცდიდა, რაღაცას დარდობდა. 1992 წლის 8 აპრილს ქართულ მიწაზე, ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში დაიბადა ნანატრი გოგონა, რომელიც ყველასათვის პირველი სიხარული იყო და პირველ მერცხალს ეძახდნენ. პატარა არსება ოჯახს ახალისებდა, მაგრამ ამ სიხარულს აფერმკრთალებდა უთანასწორო ომის ქარცეცხლი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ხალხის, ქვეყნისა და უცოდველი პატარა ანგელოზების ბედი. ოჯახის ვაჯკაცები სამშობლოს იცავდნენ, პირველი ძმისშვილის დაბადება მათთვის უბედურების დამვიწყებელი აღმოჩნდა. ბიჭებს სახლისაკენ მოუწევდათ გული, რათა პატარა ენახათ, მაგრამ ახლა უპირველესი მისი და ჩვენი მოზარდების დაცვა იყო. ამ საქმის ღალატი ხომ წარმოუდგენელი გახლდათ, ამიტომ სახლში დაბრუნებაზე ფიქრი უცებ გაქრა მათი გონებიდან. ერთ დღეს, ბრძოლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უფროსი ბიძა თანამებრძოლებთან ერთად ქალაქში გავიდა. თავისი მცირეოდენი თანხით და ერთი მეგობრის დახმარებით ძმისშვილისათვის პატარა ფეხსაცმელები შეიძინა და სათუთად უბეში შეინახა. როცა ქართველ მეომრებს შეუერთდა და ბრძოლის ქარცეცხლში ჩაება, მისი ნაწილი დაატყვევეს, შემდეგ კი ყველანი ოფიცერთან მიიყვანეს. მშობლიურ მიწაზე ქურდებივით გაჩხრიკეს ჩვენი გმირები, რომელთაც გული საქართველოს სიყვარულით უძგერდათ. ქართველ მებრძოლს უბეში პატარა ბავშვის ფეხსაცმელები აღმოუჩინეს და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდათ. ახალგაზრდა ოფიცრის მრისხანე თვალები სითბომ დაიმორჩილა, თითქოს მისი გული მოლბა და ქართველი მებრძოლი თავისთან მიიწვია. ფეხსაცმელები ხელში აიღო, აკოცა და დალოცა ის, ვისაც ეს საჩუქარი ეკუთვნოდა. მან მხოლოდ ეს ერთადერთი ადამიანი გაათავისუფლა ტყვეობიდან, ხოლო სხვა მებრძოლთა ამბავი ჩემთვის უცნობია, ვინ იცის სად წაიყვანეს და რა ბედი ეწიათ. წლების შემდეგ ბიძა იხსენებს, რომ იმხელა ადამიანობა დავინახე ამ ოფიცერში ვერ ავღწერ, მასაც ჰქონია გრძნობები, ასეთი სასტიკი კაცი უმწეო ბავშვს დაემსგავსა. ოფიცერმა უცნობ პატარას კარგი მომავალი უსურვა. დიახ, მასაც გული ჰქონია,ისიც დედას გაუზრდია და ვინ იცის, ვინ გაახსენდა , როცა პატარა ფეხსაცმელებს გულში იხუტებდა. აი, რა არის სიყვარული, გრძნობამ რკინის გადნობა შეძლო.
          ომის დასრულების შემდგომ ბიძები უვნებელნი დაუბრუნდნენ თავიანთ კერას, სადაც პატარა გოგონა ელოდებოდათ. ღმერთს ნუ გაეწიროს ისე ნურც ერთი ერი და ქვეყანა, რომ კარგი მამულიშვილებით არ ეამაყოთ, სადაც, თუნდაც ამ ოფიცრის მსგავსი ადამიანები ცხოვრობენ. რა ღვთის წყრომაა, ვის, ვის უჩნდება სურვილი, გააჩაღოს დამანგრეველი, ადამიანთა სიცოცხლის ხელმყოფი ომი. მე მწამს, რომ სიმართლე იზეიმებს.
      განვლო დრომ, ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდა. მე აღარა ვარ ის პატარა გოგონა, გავიზარდე, ბევრი წვალება გამოვიარე და ბევრიც გასავლელი მაქვს. გავიზარდე ჩემი სამშობლოს წიაღში, რომელსაც გული ამოცლილი აქვს, ამოცლილი აქვს ის ადგილი რომელიც სიზმარშიაც არ მინახავს, თუმცა ეს მცირე მოვლენა მაკავშირებს საქართველოსა და ქართველი ხალხის  საყოველთაო ტკივილთან.მინდა ვნახო ჩემი აფხაზეთი, ერთი წამით მაინც გადავავლო მადლიანი თვალი, დავტკბე მისი სილამაზითა და მშობლიური მიწის სურნელით. მზად ვარ, ვიარო ბრძოლის ქარცეცხლში ისე, როგორც მრავალმა ქართველმა იარა. მზად ვარ ვიარო ეკლიან გზაზე მანამ, სანამ არ წავიკითხავ ბნელ წიაღში დაწერილ საქართველოს ბედს.

No comments:

Post a Comment